კალმახა სოკოს (ხის სოკოს) მოყვანა ხის მორებზე (ექსტენსიური მეთოდით)
კალმახა სოკოს ექსტენსიური წესით მოყვანა საინტერესოა პირველ რიგში იმ ადამიანებისტვის, ვისაც სურს სოკოს კულტივირება საოჯახო პირობებში, თუმცა საწარმოო თვალსაზრისითაც ხშირად მიმართავენ ხოლმე ამ მეთოდს. მოცემული მეთოდი არის განკუთვნილი კალმახა სოკოს ბუნებრივ პირობებში კულტივირებისთვის რაც რეალურად ამარტივებს ამ საქმეს.

ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ კალმახა სოკოს ექსტენსიური მეთოდით კულტივირების მნიშვნელოვანი მომენტები და თავისებურებები.
რა გვჭირდება კალმახა სოკოს დასათესად?

- ფოთლოვანი ხის მორები
- კალმახა სოკოს მიცელიუმი (სოკოს თესლი)
- დიდი ზომის ცელოფანი
- ფოთლოვანი ხის ნახერხი
- სახერხი ინსტრუმენტები (მშრალი უზეთო ბენზოხერხი, ჩვეულებრივი ხერხი)
- ჩაქუჩი და ლურსმანები
ექსტენსიური მეთოდის თავისებურებები
ექსტენსიური მეთოდისას კულტივირება ხდება ხის მორებზე. დათესვა მისაღებია გაზაფხულსა და შემოდგომას. ზამთარსა და ზაფხულში დათესვისთვის საჭიროა იქონიოთ სარდაფი ან სხვა სახის შესანახი ადგილი, სადაც არც ყინვა და არც სიცხე არ იქნება. საჭიროა ნებისმიერი ფოთლოვანი ხის ჯიშის მორები, რომლებიც ახალი მოჭრილია (1 კვირიდან 4 თვემდე), ან იმ შემთხვევაში თუ ძველი მორია, არ არის დაზიანებული და შენარჩუნებულია მერქანი, ვალბობთ წყალში. 6 თვიდან მოჭრილი მორები არასასურველია.

მორები უნდა იყოს 35-40სმ სიმაღლის და უნდა განთვსდეს ჩრდილიან მყუდრო ადგილას. მორები იდება ერთმანეთზე 2-დან 4 ცალამდე, მორების დიამეტრი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და აუცილებელია ბოლო მორის თავზე დაიდოს 10სმ-იანი იგივე დიამეტრის მორი (ე.წ. ქუდი). პირველი მორი უნდა მოთავსდეს ნიადაგში 10სმ-ის სიღრმეზე. ამ მორის ქვეშ მიწაზე უნდა დაიყაროს ნახერხი (თუ ნახერხი არ არის ახალი, მაშინ ჯობს მოიხარშოს და გაიწრიტოს) და ზემოდან სოკოს მიცელიუმის თხელი ფენა (1-2 მარცვლის სისიქის). მორის თავი უნდა დაისეროს ჯვარედინად ან ზოლებად ბენზოხერხით (დრუჟბით) ან ჩვეულებრივი ხერხით, ზემოდან დაიფაროს სოკოს მიცელიუმით 1-2 მარცვლის სისქეზე, ზემოდან მიცელიუმზე 0.5სმ ახალაღებული ნახერხის ფენა და შემდეგი მორი. პროცედურა მეორდება ყველა შემდგომ მორზე და სრულდება ე.წ. ქუდით. შემდგომში მოცემული კონსტრუქცია უნდა დაიფაროს ცელოფნით ისე, რომ ცელოფნის ქვეშ შედიოდეს ცოტა ჟანგბადი.

დათესილი მორების მოვლა
დათესილი მორები საჭიროებს კვირაში ერთხელ მორწყვას დაწვიმებით (ფრთხილად მორწყვაა მნიშვნელოვანი რათა სოკოს მიცელიუმი არ გამოირეცხოს მორებს შორის) და ნიადაგი მორების ირგვლივ ასევე დასატენიანებელია. ყინვაში მორწყვა არ არის საჭირო და მორების განცალკევება ვეგეტაციის პერიოდში არ შეიძლება. ვეგეტაციის პერიოდი მიმდინარეობს რბილი ჯიშის ხეებისთვის (ალვის ხე, ცაცხვი, თხმელა, წაბლი, ვერხვი, ტირიფი) 2-3 თვე, ხოლო მკვრივი ჯიშის ხეებისთვის (იფანი, თელა, ნეკერჩხალი, ჭადარი, რცხილა, წიფელი, მუხა, ალუბალი, კაკალი) 4-6 თვე. გასათვალისწინებელია რომ ხის სიმკვრივე დეკემბერში უფრო მაღალია ვიდრე თებერვალში, რაც იმას ნიშნავს რომ თებერვალში მოჭრილ ხეზე ვეგეტაცია შესაძლოა უფრო მალე დასრულდეს.

მოსავალი მოსალოდნელია შემოდგომა-გაზაფხულზე +15 გრადუს ტემპერატურაზე. გაზაფხულზე დათესილი მორები აგვისტოს თვეში განსაცალკევებელია და სათითაოდ ჩასარგავია მიწაში 10სმ სიღრმეში, ერთმანეთთან 35სმ-იანი დაშორებით. მსხმოიარობის დროს მორწყვა ხდება ყოველ დღე. მოკრეფა ხდება მოწყვეტით ისე, რომ ფეხის ნარჩენი მორზე არ დარჩეს. მსხმოიარობის დასრულების შემდეგ გრძელდება მორწყვის 1 კვირიანი რეჟიმი. რბილი ჯიშის მორებზე მსხმოიარობა მიმდინარეობს 2 წელი, ხოლო მკვრივზე, 2-დან 5 წლამდე, მორწყვის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში.